ამერიკული აკადემია 25 წლის გახდა!
ნოემბერი 18, 2026
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში 25 წლისთავს ვზეიმობთ!
25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2001 წლის სექტემბერში, მოსწავლეებს პირველად გავუღეთ აკადემიის კარი! სკოლის შექმნის იდეა კი გახსნამდე გაცილებით ადრე გაუჩნდა მის დამფუძნებელს, გივი ზალდასტანიშვილს, ქართველ ემიგრანტს, რომელსაც სამშობლოს დატოვება, 5 წლის ასაკში, ოჯახთან ერთად მოუხდა.
საიუბილეო ფილმში გიყვებით, როგორ შემოიკრიბა მან გარშემო თანამოაზრეები, როგორ აქცია იდეა რეალობად და განათლების იმ სივრცედ, რასაც დღეს ჩვენი აკადემია წარმოადგენს.
ფილმში, აკადემიის ისტორიასთან ერთად, მის მომავალზეც ვსაუბრობთ; გიყვებით, რა გამოცდილებას ვეყრდნობით, როცა სამომავლო მიზნებს ვისახავთ და სკოლის განვითარებაზე ვმსჯელობთ.
ჩვენი ამბავი აერთიანებს დამფუძნებლებს, მასწავლებლებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებს, კურსდამთავრებულებსა და მშობლებს - ყველას, ვინც აკადემიის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა; ყველას, ვინც ემსახურა მიზანს, შეგვექმნა სკოლა, სადაც ახალგაზრდები ცოდნასთან ერთად შეიძენდნენ დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების უნარს, პასუხისმგებლობის გრძნობას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, განსხვავებული აზრის პატივისცემას, სირთულეებთან გამკლავების სიმტკიცესა და გამბედაობას.
მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, ვინც ამ გზაზე ჩვენთან ერთად იყო და არის. მათი მხარდაჭერა გვაძლიერებს და გვამხნევებს, რომ მომავალ თაობებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ.