დირექტორის წერილი
ნოემბერი 10, 2026
ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!
ჩემთვის დიდი პატივია თბილისის გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის დირექტორის თანამდებობაზე საქმიანობის დაწყება. წელს აკადემია დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ ხნის განმავლობაში მან მოიპოვა მაღალი აკადემიური სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების რეპუტაცია და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შექმნა გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე იღებს სათანადო ყურადღებასა და მზრუნველობას, რათა აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესები, ნიჭი და სრულად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. დღიდან დაარსებისა, აკადემია ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა სწავლების ისეთ მიდგომას, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება საკუთარი მიზნებისა და ცხოვრებისეული მიმართულების განსაზღვრაში და უყალიბებს მყარ ზნეობრივ საფუძველს იმ მრავალფეროვანი არჩევანის გასაკეთებლად, რომლებიც მათ ჯერ უნივერსიტეტში სწავლისას, შემდეგ კი ზრდასრულ ცხოვრებაში ელით.
2001 წელს ქართველმა ბიზნესმენმა გივი ზალდასტანიშვილმა, ამერიკელმა პედაგოგმა დონალდ თომასმა და თანამოაზრეთა მცირე ჯგუფმა, რომელთაც ღირსეული საზოგადოების შექმნისა და საქართველოს წარმატებული მომავლის რწმენა აერთიანებდათ, ამერიკული აკადემიის კარი გახსნეს. მათი მიზანი იყო ქვეყანაში საშუალო განათლების უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრება. გასული 25 წლის განმავლობაში დამფუძნებელთა ხედვა რეალობად იქცა. აკადემიის კურსდამთავრებულებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს ქართულ საზოგადოებაში, შექმნეს წარმატებული ბიზნესები და მჭიდრო კავშირებზე დაფუძნებული საზოგადოებები, აღზარდეს ამაყი და უნარიანი მოქალაქეების ახალი თაობა, რომელიც მომავალში საქართველოს განვითარებას გაუძღვება.
მომავალშიც ერთგულნი ვრჩებით იმ პრინციპებისა და სწავლების მეთოდებისა, რომლებმაც მრავალი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა და აკადემია საქართველოს ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებად აქცია. ჩვენი დევიზი — „განათლება და სიკეთე“ — გამოხატავს დაპირებას, რომ მოსწავლეები არა მხოლოდ ცოდნას შეიძენენ, არამედ თანაგრძნობასა და სიკეთეზე დაფუძნებით მიღებულ ცოდნას კეთილშობილურ მიზნებს მოახმარენ. როგორც ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები განსაზღვრავს, ჩვენ ვზრდით მრავალმხრივ განვითარებულ პიროვნებებს, რომლებსაც მყარი ღირებულებები და ჯანსაღი აზროვნება აქვთ. ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლეები თავს ბედნიერად გრძნობენ, იძენენ კარგ მეგობრებს, აღმოაჩენენ საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებს, ავითარებენ უნარებს და ყალიბდებიან ზრდასრულ ადამიანებად, რომელთაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი და პასუხისმგებლობა აქვთ.
ჩვენი პედაგოგიური მიდგომა ეფუძნება მცირერიცხოვან კლასებსა და ჰარკნესის მეთოდს, რომელიც ჩვენს სკოლაშ ფილიპს ექსეტერის აკადემიაში ჩვენი პირველი მასწავლებლების ინტენსიური მომზადების შედეგად დაინერგა. თორმეტი მოსწავლე და მასწავლებელი ოვალური მაგიდის გარშემო სხედან და საკლასო სივრცე ცოცხალი დისკუსიის ადგილად იქცევა. მოსწავლეები აანალიზებენ ტექსტებს, უსმენენ ერთმანეთს, განიხილავენ განსხვავებულ თვალსაზრისებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ერთმანეთის მოსაზრებებს და ამ გზით სწავლობენ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და არგუმენტირებულ დაცვას. მასწავლებელი წარმართავს დისკუსიას, თუმცა საუბრის შინაარსისა და მიმართულების განსაზღვრაში წამყვანი როლი თავად მოსწავლეებს ეკუთვნით. სწავლების ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ თითოეულ მოსწავლეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გაკვეთილის წარმატებით წარმართვაში, გრძნობს, რომ მას იცნობენ და უსმენენ, აქვს სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა და იღებს წარმატებისთვის საჭირო მხარდაჭერას.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ, როგორ ისწავლონ, და ამავდროულად თანაკლასელებსა და მასწავლებლებთან ღრმა, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ამყარებენ. უკვე 25 წელია, ჩვენი მოსწავლეები ეუფლებიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, მათემატიკას, ისტორიას, ფილოსოფიასა და ლიტერატურას გამორჩეული პედაგოგების ხელმძღვანელობით. ამ მასწავლებლებს გამოარჩევთ საგნების ღრმა ცოდნა, საკუთარი საქმისადმი ენთუზიაზმი და მოსწავლეების მიმართ ისეთი ყურადღება და მზრუნველობა, რომელიც საშუალო სკოლებში იშვიათად გვხვდება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ როდესაც მაღალკვალიფიციური მასწავლებლები მოსწავლეებს აცნობენ წარსულის უდიდეს მოაზროვნეებს — ჰომეროსს, პლატონს, დანტეს, შექსპირს, გალილეოს, ნიუტონს, აინშტაინსა და მრავალ სხვას — ამით მომავალთან მყარ ხიდს ვაშენებთ. ჩვენი მოსწავლეებისთვის ეს გზა ერთდროულად უსაფრთხოცაა და ახალი აღმოჩენებითა და შთაგონებით სავსეც.
მოუთმენლად ველით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე!
ჯოზეფ მ. კამპანა
დირექტორი